„ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ - ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხა
დაცული ტერიტორიების სააგენტომ ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსი პროექტის - „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ (BSLD) ფარგლებში ტარდება და გარემოსდაცვითი გამოწვევების შემცირების ხელშეწყობის შესახებ იდეების მობილიზებას ითვალისწინებს.
რაც შეეხება მონაწილეობას, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას (სოფლები: ლევიტანა, ტუსრები, გაგულანთუბანი, ყველაანთუბანი, ზემო ბოშური, ქვემო ბოშური, დრე, ორმოცი, იფნარა, თხინალა, მღებრიანი, ბიისი, ბობნევი, იკვლევი, ხანდისი, დიდი ატენი და ფახუანთუბანი), როგორც ერთ პირს, ასევე ჯგუფს.
„კონკურსში მონაწილეობისთვის განმცხადებელმა საჭიროა, შეავსოს იდეის განაცხადის ფორმა დადგენილი თანდართული „იდეის აპლიკაციის ფორმის“ მიხედვით ბმულზე: shorturl. at/tjJ8K და მოათავსოს სპეციალურ დალუქულ ყუთში მისამართზე: სოფელი ატენის ადმინისტრაციული შენობა, ან სოფელ ქვემო ბოშურის ადმინისტრაციული შენობა 23 აპრილის 17:00 საათამდე. კონკურსი კი გაიმართება 24 აპრილის 12:00 საათზე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის ადმინისტრაციულ შენობაში.
კონკურსანტი პირადად უნდა დაესწროს საჯაროდ გამართულ კონკურსს და წარმოადგინოს საკუთარი იდეა ჟიურის და დამსწრე საზოგადოების წინაშე.
კონკურსის ჟიური საკონკურსო განაცხადებს შეაფასებს და შედეგებს კონკურსის ჩატარების დღესვე გამოაქვეყნებს, ამავე დღეს მოხდება კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოებაც.
რაც შეეხება ბიუჯეტს, კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი 32 300 ლარია, საპროექტო იდეის განსახორციელებლად კი მოთხოვნილი ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 4 000 ლარს. 1 000 ლარამდე მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, აპლიკანტს არ მოეთხოვება თანამონაწილეობა, ხოლო 1 001 დან 4 000 ლარის მოთხოვნის შემთხვევაში, აპლიკანტის თანამონაწილეობა არ უნდა შეადგენდეს მოთხოვნილი თანხის 20 %-ზე ნაკლებს“, - აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
დაინტერესებულმა პირმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა დარეკოს ტელეფონის ნომერზე: 599468746.