საზოგადოება
17.04.2026 16:30
მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველების გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება - რა უნდა გაითვალისწინონ კანდიდატებმა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველების გამოცდებზე რეგისტრაციას 20 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს.

როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში აცხადებენ, უწყების გადაწყვეტილებით, პირველად, 2026 წლიდან მასწავლებლებს და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ერთი საგნის გამოცდის ნაცვლად დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და, ასევე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.

„აღნიშნული გადაწყვეტილება მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის სისტემურ გაძლიერებას ემსახურება. შედეგად, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება უზრუნველყოფს სწავლების სტანდარტების ამაღლებას და ქმნის სამართლიან და ხარისხზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს.

რაც შეეხება რეგისტრაციას, მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - online. naec. ge - 20 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. აუცილებელია, კანდიდატებმა 20 აპრილის 10:00 საათიდან 4 მაისის 18:00 საათამდე გამოცდების საფასური გადაიხადონ (არანაკლებ ერთი გამოცდის).

მონაწილეთათვის ერთი გამოცდის საფასური შეადგენს 50 ლარს, რომლის გადახდა „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით ხორციელდება, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით.

კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ვერ აირჩევენ იმ საგნებს, რომელთა ტესტური დავალების/დავალებების შინაარსი იდენტურია (მათ შორის, თუ საგნის ტესტური დავალება/დავალებები ნათარგმნია უცხოურ ენაზე)“, - აცხადებენ უწყებაში.

კვირის ამბები