
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1-ელი მარტიდან 31 მარტის პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის შვიდი ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, აღნიშნულ პერიოდში, ჯამში, უკანონო ტყითსარგებლობის 185 ფაქტი გამოავლინეს და გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 151 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, ხოლო 34 - სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევას და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს.
„რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი - 49 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში. შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი - 32, იმერეთი - 30, კახეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი - 10, ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 7, გურია - 4, მცხეთა-მთიანეთი - 3.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 32 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ხოლო მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
2026 წლის მარტში 8 არარეგისტრირებული სახერხი საამქროა დალუქულია. ჯამში, 183 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყეა ამოღებული.
ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.