
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება სამი დღის განმავლობაში - 8-9-10 აპრილს, 10:00-დან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი და, შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვა.
რაც შეეხება კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს, შემდეგია: ხორცი შემწვარი ან მოხარშული 3 კგ; ქათამი - 1 ცალი მოხარშული და 1 ცალი შემწვარი; ყველი - 2 კგ; ხაჭაპური და ლობიანი 3-3 ცალი; პასკა - 2 ცალი; წითელი კვერცხი - 10 ცალი; უკრემო ნამცხვარი; კიტრი და პომიდორი 3-3 კგ.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელი ხაზის - 1500 მეშვეობით შეუძლიათ.