
ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 7 აპრილს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების და მისი კონსტიტუციის ძალაში შესვლის დღეს აღინიშნება.
მიმდინარე წლის კამპანიის თემაა „მეცნიერების მხარდაჭერით - ერთად ჯანმრთელობისთვის“ და წარმოადგენს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობის ხაზგასმას ადამიანების, ცხოველების, მცენარეებისა და, ზოგადად, პლანეტის ჯანმრთელობის დასაცავად. კამპანია ყურადღებას ამახვილებს როგორც სამეცნიერო მიღწევებზე, ასევე მრავალმხრივ თანამშრომლობაზე, რომელიც აუცილებელია მტკიცებულებების ქმედებებად გარდასაქმნელად „ერთიანი ჯანმრთელობის“ მიდგომაზე ფოკუსირებით.
როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, მიმდინარე წლის გლობალური კამპანიის მთავარი გზავნილებია: მეცნიერება ყველასთვის და ყველგან - სამეცნიერო მიღწევების ხელმისაწვდომობა და ისეთი სისტემების შექმნა, სადაც ხარისხიანი ჯანდაცვა ყველასთვის თანაბრად იქნება უზრუნველყოფილი;
მეცნიერება ჯანმრთელობის სამსახურში - „ერთიანი ჯანმრთელობა“ - ადამიანის, ცხოველებისა და გარემოს ჯანმრთელობაზე ურთიერთდაკავშირებული ზრუნვის ხელშეწყობა.
„ერთიანი ჯანმრთელობა გულისხმობს ინტეგრირებულ, ერთიან მიდგომას ადამიანების, ცხოველებისა და გარემოს ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და ხაზს უსვამს ამ სისტემებს შორის ურთიერთკავშირს. კამპანია მოუწოდებს მთავრობებს, ჯანდაცვის პროფესიონალებს, პარტნიორებსა და ფართო საზოგადოებას, მხარი დაუჭირონ მეცნიერებას, რომ მიღებული გადაწყვეტილებები მეცნიერულ მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს“, - აცხადებენ სამინისტროში.
ცნობისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 78 წლის წინ, 1948 წლის 7 აპრილს დაარსდა. გასულ წელს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე სლოგანით - „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა“ აღინიშნა.