კულტურა
06.04.2026 15:28
სკრის საჯარო სკოლაში ხვალ სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლაში სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ღონისძიება სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით ხვალ, 7 აპრილს, 12:00 საათზე დაიწყება და დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, სკოლის მოსწავლეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნამუშევრები შეიძინოს.

როგორც „გორის მაცნესთან“ სკრის საჯარო სკოლის დირექტორმა ლანა ფერაძემ აღნიშნა, წინასააღდგომო გამოფენა-გაყიდვამ ტრადიციული ხასიათი მიიღო, თუმცა წელს, აღნიშნულ ღონისძიებასთან ერთად, დაგეგმილია სკოლასთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „როკვას“ კონცერტი.

„სკოლაში არსებული სამეწარმეო კლუბ „Handy Lab-ის“, „ჩვენი სახელოსნოს“ და ეკო კლუბის წევრები მთელი წლის განმავლობაში ამზადებენ სხვადასხვა სახის ნივთებს და ხვალ გამოაქვთ გასაყიდად. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა კლასის მოსწავლეები. შემოსული თანხით კი შეიძენენ მასალებს, რაც მოსწავლეების სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას და სახელოსნოს მასალებით შევსებას მოხმარდება.

გამოფენა-გაყიდვასთან ერთად, დაგეგმილია, ასევე სკოლასთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „როკვას“ კონცერტიც“.

უნდა აღინიშნოს, რომ წელს პირველად სკრის საჯარო სკოლის სამეწარმეო კლუბმა „Handy Lab“ მონაწილეობა მიიღო თბილისში გამართულ სამეწარმეო განათლების ფესტივალზე, სადაც სკოლის სახელოსნოში დამზადებული ნივთები წარადგინეს“, - აღნიშნა ლანა ფერაძემ.

კვირის ამბები