სპორტი
06.04.2026 13:01
საქართველოს ჩემპიონატზე გორელმა და ვარიანელმა მოკრივეებმა ცხრა მედალი მოიპოვეს

გორის სპორტის სასახლემ კრივში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა. ასპარეზობები 17-წლამდელთა შორის მიმდინარეობდა. პირველობისთვის როგორც ვაჟები, ასევე გოგონები იბრძოდნენ. მონაწილეები ერთმანეთს სხვადასხვა წონით კატეგორიაში დაუპირისპირდნენ.

ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლის მოკრივეთა ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედალია.

გორელთაგან საქართველოს ჩემპიონი ლიზა ლობჟანიძე (70 კგ; მწვრთნელი ბადრი ყულუმბეგაშვილი) და თემურ პავლიაშვილი (66 კგ; მწვრთნელი ილია ტლაშაძე) გახდნენ. ვერცლის მედალს კი ანანო ქობულაშვილი (50 კგ; მწვრთნელი ბადრი ყულუმბეგაშვილი) და გიორგი მეგრელიშვილი (+80 კგ; მწვრთნელი გიორგი ღვინიაშვილი) დაეუფლნენ.

რაც შეეხება გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლის სპორტსმენებს, ლუკა ქოქაშვილი (50 კგ; მწვრთნელი თემურ აბულაძე), ზაზა მდინარიძე (54 კგ; მწვრთნელი მიხეილ გაბინაშვილი) და ნიკოლოზ ხიზანიშვილი (63 კგ; მწვრთნელი გელა სხირტლაძე) ჩემპიონატის გამარჯვებულები და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ. ბრინჯაოს მედალი კი შოთიკო თანდიაშვილის (57 კგ; მწვრთნელი გელა სხირტლაძე) და ნიკოლოზ ნაცვლიშვილის (66 კგ; მწვრთნელი: მიხეილ გაბინაშვილი) ანგარიშზეა.

საპრიზო ადგილებზე გასულ მოკრივეებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

კვირის ამბები