საზოგადოება
06.04.2026 10:02
2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს, 6 აპრილს დაიწყო. პროცესი 11 მაისს 18:00 საათზე დასრულდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - online. naec .ge შეეძლებათ.

წელს აბიტურიენტებს, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესაძლებლობაც აქვთ.

სტუდენტები, რომლებიც წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხებიან, უფასოდ ისწავლიან.

„აუცილებელია, აპლიკანტებმა 6 აპრილის, 10:00 საათიდან 6 მაისის, 18:00 საათამდე უზრუნველყონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, რათა მათ რეგისტრაციის დასრულება შეძლონ 11 მაისის, 18:00 საათამდე. აღნიშნულ პერიოდში მათ სხვა საგნების საფასურის გადახდა, საგამოცდო ქალაქის და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა/ცვლილება შეეძლებათ. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტებისთვის თითოეული საგნის საფასური განსაზღვრულია 10 ლარით, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასური მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის შეადგენს 50 ლარს.

საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, წაშლა ან/და გადანაცვლება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი“, აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

კვირის ამბები