საზოგადოება
02.04.2026 10:53
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2007 წელს 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

თარიღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე და ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების დაცვას და რეალიზაციას.

მიმდინარე წლის კამპანიის თემა - ,,აუტიზმი და კაცობრიობა - ყოველი სიცოცხლე ღირებულია“ - ხაზს უსვამს და ადასტურებს აუტიზმის მქონე ყველა ადამიანის ღირსებას, უფლებებს და ფასეულობას, როგორც ჩვენი საერთო მომავლის ნაწილს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში აუტიზმი დაახლოებით ყოველ 127 ადამიანში ერთს აღენიშნება. აუტიზმი უფრო ხშირად გვხვდება ბიჭებში, თუმცა ბოლო წლებში დიაგნოსტიკის სიხშირე იზრდება გოგონებშიც.

„აუტიზმი ნეიროგანვითარებითი სპექტრული თავისებურებაა, რომელიც გავლენას ახდენს კომუნიკაციის, ქცევისა და სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე. თანამედროვე ხედვა აუტიზმს განიხილავს არა როგორც „დაავადებას”, რომელიც უნდა განიკურნოს, არამედ როგორც ნეირომრავალფეროვნების ნაწილს - თავის ტვინის განვითარების ალტერნატიულ ფორმას, რომელიც მოითხოვს აღიარებასა და მხარდაჭერას. ადრეული დიაგნოსტიკა და ფსიქოსოციალური დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს აუტიზმის მქონე პირთა განვითარების, ჯანმრთელობის, კეთილდღეობის და ცხოვრების ხარისხის ოპტიმიზაციას. მართვის პროცესში გადამწყვეტია ოჯახის წევრების ჩართულობა და მხარდამჭერი გარემო. მნიშვნელოვანია, ასევე, თანამშრომლობა ჯანდაცვის სექტორსა და სხვა სექტორებს, განსაკუთრებით - განათლების, დასაქმებისა და სოციალური დაცვის სფეროებს შორის, რათა ამ ადამიანებმა შეძლონ საკუთარი პოტენციალის სრულფასოვანი რეალიზება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა.

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის საქართველოში ფუნქციონირებს „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამა და მუნიციპალური პროგრამები, რომლებიც მოიცავს ადრეულ დიაგნოისტიკასა და აბილიტაცია/რეაბილიტაციას, კერძოდ, ქცევით თერაპიას, მეტყველების თერაპიასა და სხვა აუცილებელ სერვისებს“, - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები