საზოგადოება
01.04.2026 15:50
თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, ადგილობრივმა თვითმმართველობამ 13 სოციალური პროექტი დააფინანსა

გორის მერიამ, თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, 13 სოციალური პროექტი დააფინანსა. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, გორის მერია წლებია წარმატებით თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და ისეთ პროექტებს აფინანსებს, რომლებიც ხელს უწყობენ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

„სოციალური პროექტების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს სხვადასხვა სახის ისეთ სერვისს სთავაზობს უსასყიდლოდ, რომლებიც ხელს უწყობს მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ბენეფიციარებს მიეწოდებათ შინმოვლის, სამედიცინო და სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო განმავითარებელი, საყოფაცხოვრებო სერვისები და ა.შ.

პროექტებით სარგებლობენ მარტოხელა და მზრუნველობას მოკლებული ხანდაზმულები, ბავშვები, შშმ პირები, დევნილები, დაზარალებული პირები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები.

გარდა ამისა, მარტოხელა მოხუცები, შშმ პირები, დევნილები, სოციალურად დაუცველი ოჯახები იღებენ მათთვის საჭირო სერვისებს, მათ შორის ფსიქო-ემოციურ მხარდაჭერას, დღის ცენტრების მომსახურებას, სარგებლობენ საზაფხულო ბანაკებით, უფასო კვებით და 24-საათიანი თავშესაფრით. პროექტები ხელს უწყობს მათ სოციალიზაციას, რეაბილიტაციას და სრულფასოვან ინტეგრაციას“, - აღნიშნავენ გორის მერიაში.

„სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტებით, ჯამში, 3 000-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობს. ინიციატივები მერიაში დაფინანსების მიზნით საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა წარმოადგინეს.

კვირის ამბები