
2026 წლის თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 8,8%-ით გაიზარდა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.4%-ს გაუტოლდა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, თებერვალში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, დამამუშავებელი მრეწველობის, განათლების, სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და ჯანდაცვის სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.
„მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმაც - ექსპორტი 22.9%-ით გაიზარდა და 1,026.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (რეექსპორტის გამორიცხვით) 659.7 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 70.0%-იანი ზრდაა.
მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, თებერვალში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით, 10.7%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 30%-იანი ზრდა აჩვენა და 7,722 ერთეულს გაუტოლდა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელი ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. წინასწარი შეფასებით, გასული წლის ეკონომიკური ზრდა 7.5%-ით განისაზღვრა. მაღალი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდა 2026 წელსაც და იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 7.9% შეადგინა“, - აცხადებენ უწყებაში.