
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების მერებმა 2026-2037 წლების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის პროექტები წარადგინეს, რომელშიც თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა, მიზნები და პრიორიტეტები დეტალურადაა ასახული.
„განხილულ სტრატეგიულ დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება რეგიონის მდგრად განვითარებას ეთმობა. პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის განისაზღვრა: მდგრადი ურბანული განვითარება, ეკონომიკის დივერსიფიკაცია, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, განათლების, კულტურის, სპორტის და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ასევე სატრანსპორტო და ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესება.
აღნიშნული სტრატეგია მიზნად ისახავს შიდა ქართლის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გაძლიერებას, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლებას და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფას“, - აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამუშაო შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე, გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები, ადგილობრივი თვითმმართველობების და რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.