საზოგადოება
31.03.2026 15:45
კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია ხვალ, 1-ელ აპრილს დაიწყება

კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია ხვალ, 1-ელ აპრილს დაიწყება და 25 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აპლიკანტებისთვის, რომლებიც აღნიშნულ ვადებში ვერ მოასწრებენ რეგისტრაციის გავლას, გვიანი რეგისტრაციის პროცესი 26 აპრილს დაიწყება და 28 აპრილის 16:00 საათამდე გაგრძელდება. გვიანი რეგისტრაციის საფასური დამატებით 120 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება გამოცდებს, კანდიდატები კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდების - KET/KET FS, PET/PET FS, FCE/ FCE FS, CAE, TKT და YOUNG LEARNERS EXAM (STARTERS, MOVERS, FLYERS) ჩაბარებას ივნისში შეძლებენ.

კემბრიჯის გამოცდების კომპიუტერულ ვერსიებზე CB PET, CB FCE და CB CAE რეგისტრაცია კი შესაძლებელი იქნება 1-ელი ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით, გვიანი რეგისტრაცია - 16 ივნისიდან 17 ივნისის, 16:00 საათამდე.

„2026 წლის ივნისის საგამოცდო სესიაზე კანდიდატები რეგისტრაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ონლაინ გაივლიან. რეგისტრაციის პროცესში, „კემბრიჯის“ მენიუში განთავსებული შესაბამისი რეგისტრაციის ღილაკის მეშვეობით, კანდიდატმა უნდა შეავსოს ყველა სავალდებულო ველი და ატვირთოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი.

იმ შეთხვევაში, თუ აპლიკანტს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი, მან უნდა ატვირთოს „იდენტიფიკაციის ფორმა 17 წლის ან მასზე ნაკლები ასაკის კანდიდატისთვის“. აღნიშნული ფორმის ყველა ველი, კანდიდატის ნომრის გარდა, უნდა იყოს სრულად შევსებული. ფორმას თან უნდა ერთოდეს 3x4 ზომის ორი ფოტო, რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს სკოლის ან მოსამზადებელი ცენტრის მასწავლებლის ან დირექტორის ხელმოწერით.

რეგისტრაცია წარმატებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც კანდიდატი მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან, რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომერზე.

სტანდარტული რეგისტრაციის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში კანდიდატს რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება გამოცდის განრიგი. ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9)“, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

შეგახსენებთ, კემბრიჯის გამოცდების სერტიფიკატი უვადოა და მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტსა და ორგანიზაციაშია აღიარებული.

კვირის ამბები