
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შიდა ქართლში, აჭარაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, კასპის, ხელვაჩაურის, თერჯოლის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები. სამართალდამრღვევებმა, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მდინარეების - მტკვრის, ჭოროხის და ყვირილას კალაპოტებიდან უკანონოდ მოიპოვეს, ჯამში, 295-ზე მეტი კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია, შიდა ქართლში გამოვლენილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი საქმის მასალები კი შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
„ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ“, - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.