
დღეს, 31 მარტს, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე აღინიშნება.
35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა დიდმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“. რეფერენდუმის შედეგები საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა.
რეფერენდუმში მონაწილეობა სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც მიიღო. 3 672 403 ამომრჩევლიდან, 3 295 493 ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, რომლის საფუძველზეც - 9 აპრილს, უმაღლესი საბჭოს სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 31 მარტს საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღე უწოდა და მოქალაქეებს ფასდაუდებელი მონაპოვარის - 1991 წლის რეფერენდუმით განმტკიცებული სახელმწიფოებრიობის დაცვისკენ მოუწოდა:
„31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა!
1991 წლის 31 მარტს გაიმართა საყოველთაო რეფერენდუმი, რომელშიც სრულიად საქართველომ - მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ - ერთსულოვნად, მსოფლიოს გასაგონად, საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა.
31 მარტის რეფერენდუმმა შექმნა ურყევი სამართლებრივი საძირკველი, რომელსაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო ეფუძნება.
ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ ფასდაუდებელ მონაპოვარს, ღირსეულად დავიცვათ და გავაძლიეროთ სახელმწიფოებრიობა, რომელიც 1991 წლის რეფერენდუმმა განამტკიცა“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ 31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ეროვნულ გმირს - ზვიად გამსახურდიას 87 წელი შეუსრულდებოდა.