
ლიტერატურული კონკურსი „მაჩაბელი - 2026“ დაიწყო.
როგორც ცნობილია, კონკურსი ფართომასშტაბიანია და მასში მონაწილეობა ქვეყანაში მცხოვრებ ავტორებს შეუძლიათ. წესდების მიხედვით, საკონკურსოდ დაიშვება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ გამომცემლობათა და ლიტერატურული პერიოდიკის მიერ 2025-2026 (30 მარტის ჩათვლით) წლებში ნაბეჭდი სახით გამოქვეყნებული ლიტერატურული ნაწარმოები. საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადა კი 30 აპრილია.
პრემია „მაჩაბელი“ გაიცემა შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო პოეტური კრებული/ლექსების ციკლი; საუკეთესო პროზაული ნაწარმოები; საუკეთესო პიესა; საუკეთესო კრიტიკულ/ესეისტური/პუბლიცისტური წერილი/კრებული; საუკეთესო პოეტური/პროზაული ქართული თარგმანი.
„კონკურსი სამი თვის განმავლობაში გრძელდება და განიხილება ბეჭდური სახით გამოცემული და ელექტრონულ ჟურნალში გამოქვეყნებული მასალები. გამარჯვებული ავტორების ვინაობა დაჯილდოების ცერემონიალზე - 2026 წლის 17 ივლისს გამოვლინდება.
საკონკურსო ნომინაციაში გამარჯვებულ თითოეულ ავტორს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემა პრემია 3000 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია კონკურსის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლიტერატურული კონკურსი 2020 წელს დაარსდა და მისი დამფუძნებელია საქართველოს პარლამენტის წევრი, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი. კონკურსის კოორდინატორია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი.
ცნობისთვის, ლიტერატურული კონკურსის ოფიციალური პარტნიორია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტთან არსებული გიორგი მახარობლიძის სახელობის ლიტერატურული კაფე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და გორის მუნიციპალიტეტის მერია. გენერალური სპონსორია გორის მუნიციპალიტეტის მერია და ლიბერთი ბანკი.