საზოგადოება
30.03.2026 16:27
სოფლის განვითარების სააგენტომ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი გაზარდა

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წელს აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 17 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია.

პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო თითოეული დამზღვევისთვის სადაზღვევო პოლისის პრემიის 70%-ს დააფინანსებს, რაც პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე ვრცელდება.

პროგრამის პირობების თანახმად, ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს დააზღვიოს მაქსიმუმ 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურების შემთხვევაში - 100 ჰექტრამდე ფართობი. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე. ამასთან, თუ დაზღვევის ობიექტი მდებარეობს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლ(ებ)ში სააგენტოს მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის წილი განისაზღვრება დამატებით 5%-ით.

„ფერმერებს შეუძლიათ დროულად დაიჭირონ თადარიგი და დააზღვიონ მოსავალი ისეთი სტიქიური მოვლენებისგან, როგორებიცაა: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვები (1-ელი სექტემბრიდან30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში). დამზღვევს შესაძლებელია, ერთდროულად დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული ისე სხვა კულტურები“, - ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაინტერესებულ პირებმა, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა დარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 15 01.

კვირის ამბები