
2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება XI და XII კლასების მოსწავლეების სკოლებში სწავლის ერთდროულად დასრულებას უკავშირდება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება, ასევე შეეხება მაგისტრატურის საფეხურს, რადგან საბაკალავრო პროგრამების უმეტესობა სამწლიანი სწავლების მოდელზე გადავიდა, 2027-2028 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებს დაასრულებს, როგორც 2024, ისე 2025 წელს ჩარიცხული სტუდენტების უდიდესი ნაწილი. შესაბამისად, 2028-2029 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების ოდენობაც გაიზრდება.
„როგორც ცნობილია, რეფორმის ფარგლებში იცვლება ზოგადი განათლების საფეხურის ხანგრძლივობა. სკოლის საშუალო საფეხურის ხანგრძლივობა განისაზღვრება X-XI კლასებით. XII კლასი იქნება არჩევითი და მსურველებს, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, შესაძლებლობა ექნებათ, სწავლა XII კლასში გააგრძელონ.
XI კლასელებისთვის კი სკოლებში უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, სრულფასოვნად მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის. აღნიშნული სიახლე შეეხება მოსწავლეებს, რომლებიც ახლა მეცხრე კლასში სწავლობენ“, - აცხადებენ სამინისტროში.