
24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თარიღის აღნიშვნის მიზანი დაავადებასთან შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება და სტიგმის დაძლევაა.
ტუბერკულოზი განკურნებადი ინფექციური დაავადებაა, რომლის დამარცხება სწორი მკურნალობით შესაძლებელია, თუმცა, იგი დღემდე ინფექციური დაავადებებით სიკვდილიანობის წამყვან მიზეზად რჩება.
როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, საქართველოში ხელმისაწვდომია ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის, რეზისტენტული ტუბერკულოზის თანამედროვე დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
„ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისთვის საჭირო გამოკვლევებს და, ასევე, სამკურნალო მედიკამენტებს მკურნალობის სრული კურსის განმავლობაში. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება სრულად ფინანსდება და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.
უკანასკნელ პერიოდში საქართველოში მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ტუბერკულოზის მართვის სხვადასხვა მიმართულებით. ქვეყანამ შეძლო ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების და სიკვდილობის მნიშვნელოვნად შემცირება (61%-ით 10 წლის განმავლობაში). მკურნალობის შედეგები კი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა“, - აცხადებენ სამინისტროში.
ტუბერკულოზის გამომწვევი ტუბერკულოზის მიკობაქტერია (კოხის ჩხირი) უმეტესად ფილტვებს აზიანებს. ის შეიძლება იყოს ჩასუნთქულ ჰაერში, ნახველის წვეთებში, ჭურჭელზე და ა.შ. ტუბერკულოზი არა მარტო ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა, არამედ მტვრითაც გადაიტანება. ნესტიან ადგილებში, სადაც მზის სხივები ვერ აღწევს, ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიები დიდხანს ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას. მშრალ, კარგად განათებულ ადგილებში, მზის სხივების (კერძოდ კი ულტრაიისფერი სხივების) პირდაპირი მოქმედებით კი ისინი მალე იღუპებიან.
განსაკუთრებულ საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი MDR-TB წარმოადგენს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით, ტუბერკულოზით ყოველდღიურად ავადდება 30 000 და იღუპება 4 500 ადამიანი.
ტუბერკულოზის საერთაშორისო დღე 1882 წლიდან აღინიშნება, მას შემდეგ, რაც ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკრობაქტერია აღმოაჩინა და დაავადების მკურნალობას დაუდო საფუძველი.