
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსწავლეებისთვის მეწარმეობის უფასო კურსი განხორციელდება.
გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, კურსში მონაწილეობა 15-18 წლის სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ, რომლებსაც სურთ, იყვნენ ინოვაციურები და ბიზნესში პირველი ნაბიჯები გადადგან.
რაც შეეხება საკითხებს, კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან: როგორ აქციონ საკუთარი იდეა რეალურ ბიზნესად; როგორ იწყება წარმატებული საქმე ნულიდან; იპოვონ და შეარჩიონ ბიზნეს იდეა; შეისწავლონ ბაზარი და მომხმარებელი; შექმნან ბიზნეს მოდელი, ბრენდი და მოიზიდონ პირველი მომხმარებლები; დაწერონ ბიზნეს გეგმა და წარადგინონ იდეა პროფესიონალურად (Pitch).
„მეწარმეობის კურსი რვა კვირას მოიცავს, თითოეული შეხვედრა კი ორი საათი გაგრძელდება. კურსი ინგლისურ ენაზე ჩატარდება და პრაქტიკულ დავალებებს, გუნდურ მუშაობას ითვალისწინებს.
ტრენინგებს მშვიდობის კორპუსის (Peace Corps) მოხალისე ჩაატარებს, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა და პრაქტიკული უნარები.
კურსის ბოლოს მონაწილეები ბიზნეს იდეას, ბიზნეს და პირველი მომხმარებლის მოზიდვის გეგმების შესახებ საბოლოო პრეზენტაციას ჟიურის წინაშე წარადგენს“, - აღნიშნავენ გორის განვითარების სააგენტოში.
დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა გორის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ბმულის საშუალებით შეუძლიათ.
კურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია კი 27 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.