საზოგადოება
18.03.2026 15:22
უწმინდესის გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა დედაეკლესიის და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში - პრემიერი

სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ ჩვენი ერის სულიერი მამის, კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებას, - პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უწმინდესის გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა დედაეკლესიის და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში.

„უწმინდესის მწყემსთავრობის პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს, გარდამტეხ წლებს დაემთხვა. ამ ისტორიულ გზაზე იგი მუდმივად რჩებოდა ერის სულიერ წინამძღვრად და ერთიანობის სიმბოლოდ. პატრიარქმა საკუთარი სიბრძნით, მოყვასისადმი სიყვარულით, უსაზღვრო მოთმინებითა და მიტევების უნარით შეძლო ჩვენს გულებში რწმენის განმტკიცება.

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია. უფლის, სამშობლოსა და ადამიანისადმი უანგარო მსახურებით მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უდიდეს მოღვაწეთა შორის.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს, მღვდელმთავრებს, მრევლს და თითოეულ თანამოქალაქეს. ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას. საუკუნოდ იყოს მისი ხსენება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კვირის ამბები