
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ სრულიად საქართველოს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მრევლს ჩვენი ერის სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
უდიდესია ის ტკივილი და დანაკლისი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და თითოეულმა ჩვენგანმა განიცადა.
მისმა უწმინდესობამ ეპოქალური როლი შეასრულა ქართველი ერის სულიერ აღორძინებაში, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში. იგი იყო სიმშვიდის, სიყვარულის, მიტევებისა და ერთიანობის სიმბოლო.
პატრიარქის მოღვაწეობა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ სამშობლოსა და ხალხს სიყვარულით, თავდადებითა და უსაზღვრო მოთმინებით“, - ნათქვამია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II, გუშინ საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით გლოვა გამოცხადდა. ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.