
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს 2026 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირების სქემაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმდებარე სოფლებიც ჩაერთო და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ფერმერებს, ასევე „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ 2025 წლის არსებული დავალიანება ჩამოეწერება.
„საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, ამ სოფლებში რეგისტრირებულ წყალმომხმარებლებს 2026 წელს გაწეული მომსახურების საფასურს სახელმწიფო სრულად დაუსუბსიდირებს.
ამასთან, ჩამოეწერებათ „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანებაც“, - განაცხადა „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, 2026 წლის აპრილიდან სარწყავი წყლის მომხმარებლები სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლებენ. მეორე, მესამე და მეოთხე მორწყვის ღირებულება სრულად სუბსიდირდება სახელმწიფოს მიერ (ერთწლოვანი კულტურები - 349,6458 ლარით, ხოლო მრავალწლოვანი კულტურები - 306,0330 ლარით).