საზოგადოება
17.03.2026 12:20
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ქვეკომპონენტი რომელიც ერთწლოვანი კულტურების მოსაყვანად თანადაფინანსებას ითვალისწინებს ხელმისაწვდომია

პროექტის - „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო მიმდინარე წელსაც განახორციელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხები ერთწლოვანი კულტურების (ბოსტნეული, მარცვლოვანი და ბაღჩეული კულტურები) და იონჯის მოყვანისას ერთი წლის ხარჯების დასაფინანსებლად გაიცემა.

პროექტით სარგებლობა ფიზიკურ პირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებს და იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა) შეუძლიათ.

„ერთწლოვანი კულტურების მოვლის და მოყვანის ყველა ეტაპზე, მიმდინარე ხარჯების შესამცირებლად, იქნება ეს სათესი და სარგავი მასალის, თუ სასუქების და მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების შეძენა (გათვალისწინებული იქნება, მუშახელის და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების და გამოუყენებული საწვავის ხარჯიც) შესაძლებელია თანადაფინანსების მიღება. აღნიშნული ქვეკომპონენტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს გაცემული სესხის არაუმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა კი 18%-ით არის დადგენილი. ამასთან, ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განსაზღვრულია არანაკლებ 10 000 ლარიდან არაუმეტეს 100 000 ლარის ჩათვლით, ხოლო მარცვლეული კულტურების შემთხვევაში, არანაკლებ 10 000 ლარიდან არაუმეტეს 300 000 ლარის ჩათვლით“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები