საზოგადოება
13.03.2026 11:45
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა შიდა ქართლში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სატყეო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმის მთავარი მიმართულებები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს სიმონ გულედანს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს გააცნო. უწყების ხელმძღვანელმა შეკრებილებს, ასევე, შიდა ქართლის სატყეო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მიხეილ ბარნოვი წარუდგინა, რომელსაც საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

სამუშაო შეხვედრაზე, სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა და აღინიშნა, რომ ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია უბრუნდება. გათვალისწინებულია 401 ტყის მცველის დამატება, რის შედეგადაც, თითო მცველზე დასაცავი ტერიტორია 10-15 ათასი ჰექტრიდან, საშუალოდ, 2 000 ჰექტრამდე შემცირდება.

„სატყეო რეფორმის მთავარი მიზანი, ტყის მონიტორინგის და კონტროლის გაძლიერებასთან ერთად, ტყის დაცვის და ტყითსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაა.

სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიზარდა ეროვნულ სატყეო სააგენტოში დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურება, დაგეგმილია ტყის მცველების და მეტყევეების რიცხოვნობის ზრდა. მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად იზრდება დეგრადირებული ტყის აღდგენის ღონისძიებების მასშტაბები, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები, რაც ერთობლიობაში უზრუნველყოფს ქვეყნის ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, პროფესიის პოპულარიზაციას და სატყეო განათლების ხელშეწყობას, სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა.

კვირის ამბები