საზოგადოება
12.03.2026 15:16
„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი შიდა ქართლში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ფერმერებს და მოსახლეობას შეხვდა

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, კომპანიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, შიდა ქართლში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ფერმერებს და მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე საირიგაციო წყლის მომსახურების სუბსიდირების სქემა, წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების დროულად გაფორმების საჭიროება, ასევე 2026 წლის სარწყავი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

კომპანიის კომერციულმა დირექტორმა მამელი ქობალიამ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირებასთან დაკავშირებული საკითხები. აღინიშნა, რომ წყალმომხმარებლების მხრიდან კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება უზრუნველყოფს წყლის რესურსის სწორ მართვას, სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას და სასოფლო-სამეურნეო მიწების გარანტირებულ მორწყვას.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში ჩატარდა და ფერმერებმა მიიღეს პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე, მათ შორის - რა შედეგებს მოიტანს ახალი ტარიფი სამელიორაციო სისტემის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

„მსგავსი შეხვედრები და რწყვის სეზონის დაწყებამდე ფერმერებთან პირდაპირი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია არსებულ საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირებისთვის.

შეხვედრები დაგეგმილია ყველა მუნიციპალიტეტში, რომ წყალმომხმარებლებმა შესაბამისი ინფორმაცია მიიღონ, დროულად გააფორმონ ხელშეკრულებები, რაც მომსახურების მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს“, - აღნიშნა „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, 2026 წლის აპრილიდან სარწყავი წყლის მომხმარებლები სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლებენ. მეორე, მესამე და მეოთხე მორწყვის ღირებულება სრულად სუბსიდირდება სახელმწიფოს მიერ (ერთწლოვანი კულტურები - 349,6458 ლარით, ხოლო მრავალწლოვანი კულტურები - 306,0330 ლარით).

კვირის ამბები