საზოგადოება
11.03.2026 16:22
იუსტიციის სამინისტრო ბიზნესსუბიექტებს სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას შეღავათიანი პირობებით სთავაზობს

იუსტიციის სამინისტრო ბიზნესსუბიექტებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის სარეგისტრაციო პროცედურის გავლას შეღავათიანი პირობებით სთავაზობს.

9 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ და სარეგისტრაციო მონაცემები კანონთან შესაბამისობაში განახევრებულ ფასად - 200 ლარის ნაცვლად 100 ლარად მოიყვანონ.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ბიზნესსუბიექტები რეგისტრაციისას წინასწარ დამტკიცებული სტანდარტული წესდებით ისარგებლებენ.

„სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა ვრცელდება 2022 წლის 1-ელ იანვრამდე რეგისტრირებულ შემდეგ საწარმოებზე: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე, სააქციო საზოგადოებაზე, კომანდიტურ საზოგადოებაზე, კოოპერატივსა და უცხოური საწარმოს ფილიალზე. მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა არ ვრცელდება ინდივიდუალურ მეწარმეებსა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებზე“, - აცხადებენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში.

სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა შესაძლებელია: ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ იუსტიციის სახლში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში, ავტორიზებულ პირებთან და დისტანციურად, ვებგვერდზე: My. gov. ge.

კვირის ამბები