
სარწყავი წყლის მომხმარებლები სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლებენ, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ირიგაციის ახალი ტარიფის სუბსიდირების შესახებ განკარგულება გამოსცა.
განკარგულების თანახმად, სარწყავი წყლით მოსარგებლე გაუმრიცხველიანებელი წყალმომხმარებლებისთვის პირველი მორწყვის ოპერაციის ღირებულება ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში შეადგენს 116.5486 თეთრს (დღგ-ის ჩათვლით) 1 ჰექტარზე, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში 102.0110 ლარს (დღგ-ის ჩათვლით).
მეორე, მესამე და მეოთხე მორწყვის ღირებულება კი სრულად სუბსიდირდება სახელმწიფოს მიერ (ერთწლოვანი კულტურები - 349,6458 ლარით, ხოლო მრავალწლოვანი კულტურები - 306,0330 ლარით).
„4 მორწყვის ოპერაციის შემდეგ, დამატებითი (მეხუთე და შემდგომი) მორწყვის მოთხოვნის შემთხვევაში, მომსახურების საფასურს მომხმარებელი მოქმედი ტარიფის შესაბამისად გადაიხდის.
მოვუწოდებთ მომხმარებლებს, დროულად გააფორმონ წყალსარგებლობის განრიგი და ჩაერთონ სუბსიდირების პროგრამაში.
წყალმომხმარებლებთან სამელიორაციო მომსახურებაზე დროულად გაფორმებული წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება უზრუნველყოფს წყლის რესურსის სწორად მართვას, სტაბილურ მიწოდებას და სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების გარანტირებულ მორწყვას“, - აცხადებენ „საქართველოს მელიორაციაში“.