საზოგადოება
10.03.2026 12:35
გორის მერია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის STEAM მიმართულებით ცოდნის მისაღებად პროექტს აფინანსებს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, Pascal STEAM Community, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 10-დან 15-წლამდე ასაკის მოზარდებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას ჩაერთონ 4-თვიან STEAM სასწავლო პროგრამაში და სერტიფიცირებული, აკადემიური და პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა მიიღონ.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი უკვე გამოცხადდა, რომლის შედეგად 30 მონაწილე შეირჩევა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, რობოტიკის და პროგრამირების შესასწავლად შერჩეულ მოსწავლეებს სწავლა სრულად დაუფინანსდებათ. სასწავლო პროცესის განმავლობაში მათ, ასევე გადაეცემათ საჭირო ტექნიკა და სამუშაო მოწყობილობები, რაც ხელს შეუწყობს პრაქტიკული დავალებების შესრულებას.

სასწავლო პროგრამა შედგება თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისგან. პირველ ეტაპზე მონაწილეები მიიღებენ საფუძვლიან თეორიულ ცოდნას, ხოლო შემდეგ ამ ცოდნის გამოყენებით თავად შექმნიან, ააწყობენ და დააპროგრამებენ სხვადასხვა ტიპის რობოტებს.

კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან:

ლეგოს ტექნოლოგიურ სისტემებს;

რობოტიკის საფუძვლებს და რობოტების სხვადასხვა ტიპს;

რობოტების მუშაობის პრინციპებს;

მარტივ მექანიზმებსა და მოწყობილობებს - სენსორებს, პლატებსა და დრაივერებს;

ელექტროინჟინერიის საფუძვლებს;

ელექტრული სქემების აგებას;

კოდირების საფუძვლებს;

სიმულატორებთან მუშაობას;

mBlock პროგრამას mBot რობოტებისთვის;

მიკროკონტროლერს Arduino;

პროგრამირების ძირითად პრინციპებს და ენებს;

3D დიზაინსა და 3D ბეჭდვას.

მსურველებმა რეგისტრაციის ფორმა 16 მარტის ჩათვლით უნდა შეავსონ, შესაბამისი ბმული კი განთავსებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

კვირის ამბები