საზოგადოება
09.03.2026 17:48
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა თავშესაფრების წარმომადგენლებთან განიხილა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამა“ მიუსაფარ ცხოველთა მართვის შიდა ქართლის და კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტოების წარმომადგენლებთან განიხილა. 

შეხვედრას თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და სხვა მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც საინფორმაციო შეხვედრაზე აღინიშნა, პროგრამა, ქვეყნის მასშტაბით, უპატრონო/მიკედლებული ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, სტერილიზაცია/კასტრაციას და სხვადასხვა დაავადებაზე ტესტირებას უფასოდ ითვალისწინებს.

პროექტი საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს, რეგიონული განვითარების სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით განხორციელდება.

როგორც მიუსაფარ ცხოველთა მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელმა ბექა გიუნაშვილმა „გორის მაცნესთან“ აღნიშნა, დაგეგმილი ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეამცირებს როგორც პატრონიანი ცხოველების მიტოვების შემთხვევებს, ასევე მიუსაფარი ცხოველების უკონტოლო გამრავლებას.

მიუსაფარ ცხოველთა მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების გარდა, სამცხე-ჯავახეთსაც გაუწევს მომსახურებას.

„ქუჩაში უკვე არსებული უპატრონო ძაღლების სტერილიზაცია/კასტრაცია და მიკვლევადობა, უზრუნველყოფს პოპულაციის შემცირებასა და შინაური ცხოველების, ასევე ადამიანთა ჯანმრთელობის, უსაფრთხოებასა და სიცოცხლის დაცვას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

კვირის ამბები