
გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან მარლენ ნადირაძესთან, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან მიხეილ ფავლენიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქალთა საერთაშორისო დღე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალბატონებს მიულოცა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, საკუთარი საქმიანობით ქალაქის განვითარებასა და კეთილდღეობაზე ყოველდღიურად ზრუნვისთვის კონსტანტინე ბუძალაძემ მადლობა გადაუხადა და 8 მარტი მიულოცა 85 წლის ღვაწლმოსილ პედაგოგს ნაძეჟდა შარიქაძეს, რომელსაც პედაგოგიური მოღვაწეობის 55-წლიანი გამოცდილება აქვს და დღემდე გორის მეშვიდე საჯარო სკოლაში უცხო ენის მასწავლებლად მუშაობს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღესასწაული მიულოცეს თეონა თვაურს, რომელიც გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთადერთი ქალი მძღოლია.
შეუფასებელი შრომისთვის მადლიერების ნიშნად ყვავილები გადაეცათ მეეზოვე ქალბატონებსაც, რომლებიც საკუთარ მოვალეობას ყოველდღე კეთილსინდისიერად ასრულებენ.
„ჩვენთვის პრიორიტეტულია იმ ქალბატონების დაფასება, რომლებიც თავიანთი ყოველდღიური, ხშირად შეუმჩნეველი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი შრომით ქმნიან ჩვენი მუნიციპალიტეტის მომავალს, იქნება ეს განათლების სფერო, მუნიციპალური სერვისები თუ ქალაქის მოვლა-პატრონობა. თითოეული მათგანის წვლილი განსაკუთრებულია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის“, - აღნიშნა კონსტანტინე ბუზალაძემ.