
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, რეგიონული განვითარების სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით, „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამას“ განახორციელებს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, პროგრამის მიზანი ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენციაა, რაც მნიშვნელოვანია როგორც შინაური ცხოველების, ასევე ადამიანთა ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და სიცოცხლის დასაცავად.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, პროგრამის განხორციელების პროცესში ითანამშრომლონ სააგენტოს უფლებამოსილ პირებთან, ჩაერთონ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესში და დაიცვან როგორც საკუთარი, ასევე ძაღლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
„სეს-ი, საქართველოს მასშტაბით (თვითმმართველი ქალაქების გარდა), ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან ერთად მიკროჩიპის გამოყენებით ერთიან ბაზაში დაარეგისტრირებს პატრონიან ძაღლებს და სტერილიზაციას ჩაუტარებს ძუ ძაღლებს. ამასთან, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციას და კასტრაცია/სტერილიზაციას ჩაუტარებს უპატრონო/მიკედლებულ ძაღლებს, რომელთაც, რეგიონის მიხედვით, გადაიყვანს თბილისის, გორის, გურჯაანის და ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფრებში.
არსებული თავშესაფრების გარდა, რეგიონული განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით და სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, ახალი მუნიციპალური თავშესაფრების მშენებლობა, ასევე დაგეგმილია ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთშიც“, - აცხადებენ სააგენტოში.