საზოგადოება
05.03.2026 11:16
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური 8 მარტს დაიწყება

2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური 8 მარტს დაიწყება და 11 მარტს დასრულდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დასკვნით ტურში გადასული მოსწავლის მოსაწვევის ამობეჭდვა დღეიდან, 5 მარტიდანაა შესაძლებელი ვებგვერდზე online. naec. ge, რომელსაც მონაწილეებს სკოლის ადმინისტრაცია მიაწვდის.

„ოლიმპიადაზე რეგისტრაცია ტესტირებამდე 30 წუთით ადრე დაიწყება. მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დაბადების მოწმობა ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი, ბეჭდით დამოწმებული ცნობა, ასევე ცენტრის მიერ გაცემული მოსაწვევი. მესამე ტურში გადასული მოსწავლის მოსაწვევის ამობეჭდვას უზრუნველყოფს სკოლის ადმინისტრაცია, შესაბამისი ცხრანიშნა და ოთხნიშნა კოდების გამოყენებით“, - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ცენტრალიზებულად შემდეგ საგნებში ტარდება: ქართული ენა და ლიტერატურა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ინგლისური, რუსული, გერმანული და ფრანგული ენა. რაც შეეხება მიზანს, სასწავლო პროცესის სტიმულირება/სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესების გაღვივება; სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა; საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გამოვლენა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობაა.

კვირის ამბები