საზოგადოება
04.03.2026 12:45
გორში, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, გორში მოქალაქეებმა გასაბერი ნავიდან, ელექტოიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს 31 კილოგრამზე მეტი თევზი.

მოქალაქე ელექტროიარაღის გამოყენებით ახორციელებდა თევზჭერას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მიმდებარედაც. უკანონოდ მოპოვებული ჰქონდა დაახლოებით 1 კილოგრამამდე თევზი. სამართალდამრღვევი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს დაემუქრა და წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც მის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს.

„ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და ორივე ფაქტის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს; ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რომ დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობის და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტი, მათ შორის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველო, აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. შედეგად, 2025 წელს, მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ თევზჭერის წესების დარღვევის 57 ფაქტია გამოვლენილი“, - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

კვირის ამბები