
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე 19 სკოლის მოსწავლესთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას გორის, ვაჟა-ფშაველას სახელობის მეცხრე საჯარო სკოლამ უმასპინძლა და განხილული იყო გარემოსდაცვითი საკითხები, მათ შორის, კლიმატის ცვლილებები და მისი შედეგები. მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის მნიშვნელობის, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების და პლასტიკის გარემოზე ზემოქმედების შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში ისუბრეს გარემოსდაცვით მიმართულებაში არსებულ მოთხოვნად პროფესიებზე, როგორიცაა აგრონომი, მეფუტკრე, ვეტერინარი, მეტყევე, მეტეოროლოგი და სხვა.
„განათლება ის ძალაა, რომელიც აძლიერებს საზოგადოებას - განსაკუთრებით იქ, სადაც სიმტკიცე და ერთიანობა ყველაზე მეტად ფასობს. გარემოსდაცვითი ცოდნა მხოლოდ ინფორმაციის ფლობა არ არის - ეს პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენს გარემოზე ვიზრუნოთ“, - აღნიშნა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა.
შეხვედრას, მოსწავლეებთან ერთად, პედაგოგები და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ, რომლებსაც საჩუქრად წიგნები და შემეცნებითი მასალები გადაეცათ.