
ადგილობრივი თვითმმართველობა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს მედიკამენტების შესაძენად ფულად დახმარებას გაუწევს, - გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების წესში ცვლილებები შეიტანა.
მერიის ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლებენ: ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები; პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები; თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებულ პირები (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით); შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ით (ინსულინდამოუკიდებელი) დაავადებულ პირები (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით); ბრონქიალური ასთმით დაავადებულ ადამიანები (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით); ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე ადამიანები (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით) და თვალის ქრონიკული დაავადების მქონე პირები (გლაუკომა, სამედიცინო კოდი H40 დან – H42 ჩათვლით; H42* სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით).
რაც შეეხება მედიკამენტების შესაძენი თანხის წლიურ ლიმიტს, 300 ლარის ნაცვლად 500 ლარია.
როგორც მერიაში აცხადებენ, დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთა სამედიცინო მოსახურების ხარჯებსაც სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარის დახმარება კი, დიფერენცირებულია სარეიტინგო სოციალური ქულების მიხედვით.
კუთვნილი დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: gori. Gov. ge