
„დედა ენა - 150“ - „დედა ენის“ გამოცემიდან 150 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.
ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს, დოქტორანტებს, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლებს, საჯარო სკოლების მასწავლებლებს და დამოუკიდებელ მკვლევრებს. რაც შეეხება თემებს, კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი სამეცნიერო სექციები: განათლება; ფილოლოგია; ისტორია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები და სამართალი.
როგორც „გორის მაცნესთან“ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ახლოურმა აღნიშნა, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა სამეცნიერო ნაშრომი 31 მარტის ჩათვლით უნდა გაგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე datoakhlouri @ gmail. com, ხოლო კონფერენციის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით:
დავით ახლოური (გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის ორგანიზაციის თავმჯდომარე), ნათია ადუაშვილი (იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი - საორგანიზაციო კომიტეტის თანათავმჯდომარე), მაყვალა გონაშვილი (საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე), გიორგი გოგოლაშვილი (ენათმეცნიერი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი), სოსო სიგუა (ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე).
„სამეცნიერო კონფერენცია 14 აპრილს - „დედა ენის“ დღეს, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდება. კონფერენციაზე დაშვებული სამეცნიერო მოხსენებები, რომლებიც წარმატებით გაივლიან დამატებით რეცენზირებას, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის მიერ გამოცემულ სპეციალურ საიუბილეო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდება“, - აღნიშნა დავით ახლოურმა.