
ადგილობრივი თვითმმართველობა ონკოლოგიურ პაციენტებს დაეხმარება და საჭირო სამედიცინო კვლევებს 500 ლარის ნაცვლად 1000 ლარით დაუფინანსებს, -გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების წესში ცვლილებები შეიტანა.
როგორც მერიაში აცხადებენ, დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთა სამედიცინო მომსახურების ხარჯებსაც სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარის დახმარება კი დიფერენცირებულია სარეიტინგო სოციალური ქულების მიხედვით.
„გორის მერია მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას 2026 წელსაც სთავაზობს. დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს.
დახმარების მიღების მიზნით, მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში და ასევე, ვებგვერდზე: gori. gov. ge. “, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.