
„შიდა ქართლის მომავლის ლიდერთა ფორუმი“ დასრულდა. პროექტი ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და რეგიონში მცხოვრები 16-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. თითოეულ ახალგაზრდას სერტიფიკატი გადაეცა.
პროექტი, რომლის მიზანს შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარება, მათი ლიდერული პოტენციალის გამოვლენა და საზოგადოებრივ-სამოქალაქო პროცესებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენდა, ორგანიზაცია „ზენასოფელმა“ ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსებით განახორციელა.
„შიდა ქართლის მომავლის ლიდერთა ფორუმის“ დასკვნითი ღონისძიება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. შეხვედრას საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ღონისძიებაზე ყურადღება ახალგაზრდული პოლიტიკის მნიშვნელობაზე გამახვილდა. აღინიშნა, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს ახალგაზრდების განათლება, მათი განვითარება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიური ჩართულობა წარმოადგენს. ხაზი გაესვა მსგავსი პროექტების მნიშვნელობას რეგიონული განვითარებისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი ავრცელებს.