რეგიონი
24.02.2026 14:37
შიდა ქართლში, სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს

შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს და ამჟამად ვიზიტორთა ცენტრის რკინა-ბეტონის ლენტური საძირკვლის მოწყობა და სახლ-მუზეუმის ეზოში განთავსებული ორი დამხმარე ნაგებობისთვის საძირკვლის გრუნტის მოტკეპნის, არმირების, საყალიბე სისტემების მოწყობის და ბეტონის ჩასხმის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, სახლ-მუზეუმის შიდა სივრცეში იატაკიდან და კედლებიდან მოიხსნა ძველი ნალესობა და კირდუღაბის ხსნარით აღდგა ქვის და აგურის წყობა.

რაც შეეხება შესასრულებელ სამუშაოებს, რეაბილიტაციის შედეგად სრულად რესტავრირდება შენობის ფასადი და შიდა სივრცე; მოეწყობა ახალი სახურავი; რეკონსტრუქცია ჩაუტარდება აღმოსავლეთის ავარიულ კედელს; აღდგება მარანი და მოეწყობა ვიზიტორთა მომსახურების ცენტრი და სახლ-მუზეუმის ტერიტორია სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.

ივანე ჯავახიშვილის სახლს-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი გაეცნენ.

„სასიხარულოა, რომ ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ხოვლეში მისი სახლ-მუზეუმის აღდგენა მიმდინარეობს. ამ გადაწყვეტილებით გამოვხატავთ მადლიერებას დიდი მეცნიერის წინაშე, მომავალ თაობებს კი მდიდარ მემკვიდრეობას ვუნარჩუნებთ. ამავე დროს, სახლ-მუზეუმის აღდგენა ხელს შეუწყობს რეგიონში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას.

XX საუკუნეში განხორციელებული არაერთი რეკონსტრუქციის მიუხედავად, სახლ-მუზეუმში ამ მასშტაბის რეაბილიტაცია აქამდე არ ჩატარებულა“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

კვირის ამბები