
გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სკოლის და ნუგზარ სხირელის სახელობის გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლის შენობების სატრენაჟორო დარბაზებისთვის მსუბუქი კონსტრუქციების მიშენების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სატრენაჟორო სივრცეების ცალკე ზონაში გადატანის შემდეგ, მთავარი სავარჯიშო დარბაზები გაფართოვდება, შესაბამისად, ორივე სასპორტო სკოლაში მეტი ახალგაზრდა ივარჯიშებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და მერის მოადგილე თორნიკე ფხაკაძე გაეცნენ.
„ახალი სივრცეების მოწყობა აღნიშნულ სკოლებს შესაძლებლობას მისცემს, სატრენაჟორო დარბაზები გადაიტანონ, რის შედეგადაც ძირითადი დარბაზები გაფართოვდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ყველამ ვიცით, რომ აღნიშნულ სასპორტო სკოლებში სხვადასხვა ასაკის აღსაზრდელები ვარჯიშობენ და ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ხელი შევუწყოთ მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მომავალი ჩემპიონების აღზრდას“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ.
ცნობისთვის, პროექტის ღირებულება 274 871 ლარია და სამუშაოების დასრულება უახლოეს მომავალში იგეგმება.