საზოგადოება
23.02.2026 15:20
1-ელი მარტიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდება - რას ითვალისწინებს სიახლე

2026 წლის 1-ელი მარტიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდება.

როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ახალი რეგულაციის თანახმად, საქართველოში უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი წესების დაცვით მოხდება. იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე კანონიერად დასაქმდეს ან განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის დისტანციურად, „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვება დასჭირდება.

„შრომითი საქმიანობის უფლების“ მოსაპოვებლად საჭირო განაცხადის შევსებისას, თუ მოგრანტი არ ფლობს რაიმე სახის ბინადრობის ნებართვას, მიღების შემდეგ, საჭირო იქნება მოიპოვოს D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან/და შრომითი ბინადრობის ნებართვა.

შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პროცესი სრულად ელექტრონულია და სარეგისტრაციო პორტალი 1-ელი მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი. 

უცხოელთათვის „შრომითი საქმიანობის უფლების“ ნებართვებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო შრომითი საქმიანობის უფლებას კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ დამსაქმებელზე 1-წლამდე ვადით გასცემს.

რაც შეეხება ეტაპებს, თვითდასაქმებული უცხოელი, „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოსაპოვებლად ელექტრონულ განაცხადს თავად ავსებს და თავად იხდის შესაბამის საფასურს. თვითდასაქმებულზე სამუშაო უფლება გაიცემა კონკრეტული სფეროს, სექტორის და სამეწარმეო საქმიანობის მითითებით.

თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე თავს აარიდებს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ნორმებს ეს გამოიწვევს, როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებელის დაჯარიმებას.

თვითდასაქმებულ უცხოელებზე, რომლებიც უკვე საქმიანობენ საქართველოში, კანონმდებლობით გათვალისწინებული აღსრულების მექანიზმი 2026 წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედდება.

„ახალი რეგულაციები მაქსიმალურად დაახლოებულია ევროკავშირის სტანდარტებთან, რომლის მიზანია, უცხოელი მოქალაქეები საქართველოში დასაქმდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს შეესაბამება შრომის ბაზრის რეალურ საჭიროებებს და არ ზღუდავს ადგილობრივი მუშახელის ინტერესებს. ამასთან, ცვლილებები ხელს უწყობს არალეგალური დასაქმების შემცირებას, კონტროლის გაძლიერებას და პასუხისმგებლობის მკაფიო გადანაწილებას როგორც დამსაქმებლებს, ისე უცხოელ მოქალაქეებს შორის“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

კვირის ამბები