რეგიონი
20.02.2026 12:51
შიდა ქართლში, სოფელ ლამისყანაში ჯამბაკურ-ორბელიანების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - სამუშაოებს ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში ჯამბაკურ-ორბელიანების სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე სასახლის პირველ სართულზე კარების მონტაჟის, მეორე სართულზე - იატაკის მოწყობის სამუშაოები; გალავნის დაზიანებული ქონგურების გადაწყობა; ამორტიზირებული აგურის სალოდეების დაშლა-აწყობა; კოშკების გადასახური ფილების გაწმენდა; ეზოს ქვაფენილით მოპირკეთება და ელექტროგაყვანილობის ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, დასრულებულია შენობის გადახურვის, ფასადის და შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი; მოეწყო სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა; რეაბილიტაცია ჩაუტარდა გალავნის კედლებს და მის ზედა ნაწილებს; დასრულდა კოშკების გადახურვა და საიზოლაციო სამუშაოები; შშმ პირთათვის დამონტაჟდა სპეციალური ლიფტი.

ჯამბაკურ-ორბელიანების სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი გაეცნენ.

„მოხარული ვარ, რომ კულტურული მემკვიდრეობის კუთხით მნიშვნელოვანი ობიექტების აღდგენას ვახორციელებთ. ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის კომპლექსი იმითაც გამოირჩევა, რომ აქ მუზეუმიც ფუნქციონირებს. რეაბილიტაციის პროექტი მთელი ამ მემკვიდრეობის სათანადოდ აღდგენას და შენარჩუნებას ემსახურება.

ამავე სოფელში არის ძეგლის სტატუსის მქონე სხვა ობიექტებიც, რომლებიც მოვლა-პატრონობას საჭიროებს და მიმაჩნია, რომ სამომავლოდ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მათი რეაბილიტაციაც უნდა დაიგეგმოს, რათა სულ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს, თუ რამხელა ისტორიას ინახავს ეს ადგილი“, - აღნიშნა თინათინ რუხაძემ.

ცნობისთვის, ჯამბაკურ-ორბელიანების სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება.

კვირის ამბები