
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 19 ფაქტი გამოვლინდა. სამართალდარღვევები დაფიქსირდა შიდა ქართლში, კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დამზადებული საშეშე მასალის და მრგვალი ხე-ტყის (მორი) უკანონო ტრანსპორტირებას კი სამართალდამრღვევები ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ახდენდნენ.
„ჯამში, ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე - 31 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საშეშე მერქანი და 13 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი). მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციის, აღკვეთის და გამოვლენის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 -საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ.
მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც. დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამკაცრებულია სანქციებიც. სისტემური ღონისძიებების შედეგად, ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება - ბოლო 5 წელიწადში ამ მიმართულებით სამართალდარღვევები 50%-ით შემცირდა“, - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
შეგახსენებთ, გასულ წელს, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 1912 ფაქტია გამოვლენილი.