
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს და სამშენებლო სამუშაოები საბავშვო ბაღის ძველი, ამორტიზებული შენობის დემონტაჟის შემდეგ დაიწყო.
რაც შეეხება პროექტს, მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ახალ შენობაში გათვალისწინებულია ბავშვების განათლების, სოციალიზაციის და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ყველა სივრცე. სასწავლო და მოსასვენებელ ოთახებთან ერთად, მოეწყობა სათამაშო და რეკრეაციული ზონები, ეზო და სათამაშო მოედნები. პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ადაპტირდება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეები.
„მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სოფელ შინდისში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.
ახალი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლამდელი განათლების ხარისხს და ხელმისაწვდომობას გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში და შექმნის უსაფრთხო, კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს ადგილობრივი ბავშვებისთვის“, - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
შეგახსენებთ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, გორის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ ტირძნისში, 150 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება.