
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა იგეგმება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტი ხელოვნურსაფარიანი მოედნის, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების, გასახდელების, სველი წერტილების და დამხმარე სათავსოების მოწყობას ითვალისწინებს.
სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტის დეტალებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე გაეცნენ.
„ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს განათლების, სპორტის და კომუნალური ინფრასტრუქტურის სისტემურ განვითარებას, რაც რეგიონებში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ახალგაზრდებისთვის თანამედროვე, უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება“, - აღნიშნულია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.