მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი განცხადებას ავრცლებს
მიუსაფარ შინაურ ცხოველთა მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოსთან დაკავშირებით, მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი და თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი განცხადებას ავრცელებს.
გეგეჭკორი გამოთხოვილ დოკუმენტებსაც ასაჯაროებს და დაბეჯითებით აცხადებს, რომ სააგენტოს მიმართ ბრალდებები აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

„2025 წლის 30 დეკემბერს მიუსაფარ ცხოველთა მართვის შიდა ქართლის სააგენტოს მიერ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დადებული პოსტიდან ირკვევა, რომ მკურნალობის და შემდეგ გაჩუქების მიზნით, ცხოველთა მოყვარულზე გაჩუქდა 32 ლეკვი და 1 ძაღლი. სოცქსელიდან, ასევე ირკვევა, რომ სააგენტოდან ცხოველების მჩუქებლის სავარაუდო გულგრილობის, ან/და დანაშაულის გამო, ამ ცხოველებიდან რამდენიმე ქუჩაში სიცივისგან დაიღუპა. ზოგის ბედი კი გაურკვეველია და მიმდინარეობს გამოძიება. ამ ფაქტის გამო, დღემდე არ წყდება სააგენტოს კოლექტივის და მისი ხელმძღვანელის - ბექა გიუნაშვილის, რბილად რომ ვთქვა, დადანაშაულება. როგორც ამ სააგენტოს კონცეპტუალური პროექტის თანაავტორისთვის, ჩემთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების მხრიდან მათი მუშაობის შეფასება. მნიშვნელოვანია, აქვს თუ არა ადგილი სააგენტოს მხრიდან რაიმე გადაცდომას ან/და დანაშაულს.
საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიმართვის შემდეგ მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა:
- 2025 წლის 30 დეკემბერს სააგენტოს განცხადებით მიმართა დ.ბ.-მ. ის, თამაზ ელიზბარაშვილის კერძო თავშესაფარში სამკურნალოდ გადასაყვანად ითხოვდა 1 ფეხმოტეხილი ძაღლის და 32 ლეკვის ჩუქებას;
- სააგენტოში შედგა ჩუქების ოქმი და მჩუქებელი გაფრთხილებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-მუხლის შესაბამისად. (ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია);
-
- მჩუქებელი გაეცნო გაფრთხილებას, იკისრა სააგენტოსგან ჩუქებული ცხოველების შემდგომ ბედზე პასუხისმგებლობა და ოქმს ხელი მოაწერა. იმავე დღეს დ.ბ.-მ 1 ტრავმირებული ძაღლი და 32 ლეკვი სააგენტოდან გაიყვანა. აქ მთავრდება სააგენტოს კომპეტენცია. წესდება/დებულებით (მუხლი 2. პუნქტი 2.3.7) მას არ ევალება და არც აქვს რესურსი, უმკურნალოს ტრავმირებულ ძაღლებს და მოუაროს ლეკვებს.
- ის ვერც გაჩუქებული ცხოველების შემდგომ ბედზე იზრუნებს - ამ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სააგენტოდან ცხოველის გამყვანს. სხვა შემთხვევაში ეს იქნება საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, რაც კანონით დასჯადია. სააგენტოს გვერდზე ყველას შეუძლია ნახოს, თუ როგორ აწარმოებს ორგანიზაცია მიუსაფარი ცხოველების გაჩუქების კამპანიას. ამ დროს: 1. წერენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ თავშესაფრების მონიტორინგის უფლება, - ეს არის სიცრუე! საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის N345 დადგენილებით თავშესაფრების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო. 2. წერენ, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში სააგენტოდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით გაიყვანეს 1 000 ძაღლი, - ეს არის სიცრუე! საბაჟო დეპარტამენტიდან მიღებული პასუხის თანახმად, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 2025 წლის 15 ივნისამდე პერიოდში საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ (ლარსი) გავლით, შინაური ცხოველის (ძაღლი), საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გაყვანის არც ერთი (!) ფაქტი არ დაფიქსირებულა
- 3. წერენ, რომ წესდების მიხედვით სააგენტოს არ აქვს უფლება ერთი და იგივე ადამიანზე რამდენიმე ცხოველი გააჩუქოს, - ეს არის სიცრუე! სააგენტოს დებულება/წესდებაში არ არსებობს არც ერთი მუხლი და პუნქტი, რომელიც კრძალავს ასეთ ქმედებას. პასუხი ცხოველთა უფლებების ზოგიერთი „დამცველის“ ცრუ ბრალდებაზე გაცემულია. ამიტომ, მოგიწოდებთ, თავი დაანებეთ სააგენტოს სახელის დისკრედიტაციას. იმ ორგანიზაციის, რომელიც 24/7 რეჟიმში ემსახურება მიუსაფარი ცხოველების ცოფზე აცრას და სტერილიზაცია/კასტრაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ლაშა გეგეჭკორი ავრცელებს.
