საზოგადოება
16.02.2026 12:05
ტირძნისში ახალი საბავშვო ბაღი შენდება - მიმდინარე სამუშაოები ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აღნიშნეს, სოფელში არსებულ საბავშვო ბაღის ძველ, ამორტიზებულ ნაგებობას დემონტაჟი ჩაუტარდა, რის შემდეგაც ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო.

რაც შეეხება პროექტს, სოფელ ტირძნისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა 150 ბავშვს მოემსახურება და პროექტი სკოლამდელი აღსაზრდელების საჭიროებებზე მორგებული სასწავლო, დასასვენებელი და ადმინისტრაციული ოთახების, სამზარეულოს და მრავალფეროვანი სათამაშო ეზოს მოწყობას ითვალისწინებს. სრულად განახლდება უსაფრთხოების, გათბობის, ელექტროობის და საკანალიზაციო სისტემებიც.

„ახალი ბაღის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლამდელი განათლების ხარისხს და ხელმისაწვდომობას, ადგილობრივი ბავშვებისთვის უსაფრთხო, კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს შექმნის“, - აცხადებენ უწყებაში.

ტირძნისის საბავშვო ბაღის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

კვირის ამბები