საზოგადოება
13.02.2026 13:24
6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილის შემოყვანა 1-ელი აპრილიდან აიკრძალება

საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების მსუბუქი ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია 2026 წლის 1-ელი აპრილიდან აიკრძალება - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამონაკლისი გავრცელდება იმ M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1-ელ აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. აღნიშნული ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია, არსებული პირობების შესაბამისად, 1-ელ აპრილამდე უნდა განხორციელდეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 2024 წელს საქართველოში რეგისტრირებულია 1 814 მლნ ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას (85.7%) მსუბუქი ავტომობილები შეადგენენ. რეგისტრირებულ ავტომობილთა 80.6%-ის ასაკი 10 წელზე მეტია.

„ავტოტრანსპორტი ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებითა და აზოტის ოქსიდებით დაბინძურების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. საქართველოში ტრანსპორტით ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლები სწორედ ავტოპარკის ასაკით და ავტომობილების ტექნიკური გაუმართაობით არის გამოწვეული.

სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, ახალი რეგულაცია ითვალისწინებს საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტის/პირველადი რეგისტრაციის/დროებითი რეგისტრაციის აკრძალვას, რომელიც იმოქმედებს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული ემისიის (ევრო 5/V) სტანდარტებთან ერთად. აღნიშნული შეზღუდვა უზრუნველყოფს ავტოპარკის და განსაკუთრებით მსუბუქი ავტომობილების პარკის გაჯანსაღებას, რაც ქვეყანაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების და, შედეგად, ჯანმრთელობის დაცვის კუთხით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.

შეგახსენებთ, პრემიერმა 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებაზე განცხადება გუშინ გააკეთა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საკანონმდებლო პაკეტი უკვე შემუშავებულია და პარლამენტსაც უკვე წარედგინა.

კვირის ამბები