
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გორის კულტურის სააგენტოს ბიბლიოთეკებში კვირეული გაიმართა.
გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოს ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა ასაკის მკითხველზე გათვლილი არაერთი ღონისძიება ჩატარდა.
ბიბლიოთეკებმა გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებების აღსაზრდელებს უმასპინძლეს და ერთობლივი აქტივობებიც განახორციელეს.
„ღონისძიებების ფარგლებში, მოეწყო შეხვედრები თანამედროვე ავტორებთან. კერძოდ, პატარა მკითველი საბავშვო მწერალს და ჟურნალ „ცისარტყელას“ რედაქტორს თამარ მახარაშვილს შეხვდა, მოსწავლეებმა, ასევე პოეტს ცაგო აბაშიძეს უმასპინძლეს. გაიმართა კონკურსები კითხვაში, მოეწყო თემატური დისკუსიები, მოსწავლე-ახალგაზრდებმა სხვადასხვა ნაწარმოებიდან ამონარიდებიც წაიკითხეს“, - აღნიშნეს გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოში.
ცნობისთვის, საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 2016 წლიდან, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით აღინიშნება.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს და საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ - ერთიანდება.